სარჩევი

ვუყურებ მანჩესტერ სიტის და აგული ერისთავის ქვა მახსენდება, აი, ეგეთი უძრავი საგანი იყო გვარდიოლამდე, მხოლოდ პეპი თუ დაინახავდა ამ ქვაში იმას, რასაც გუშინ მივადევნეთ თვალყური.

რთულია გაიხსენო გუნდი, რომელიც ასეთი დომინანტური ფეხბურთით გავიდა ფინალში, ისევ პეპის ბარსელონა თუ გაახსენდება ადამიანს. კარგი სერია ჰქონდა ბაიერნს, თუმცა, ჰაინკესის ბაიერნი უფრო სიმძლავრით გამოირჩეოდა, გვარდიოლას ბაიერნი კი ფინალში არ გასულა. არც მადრიდის რეალი ყოფილა ასეთი დომინანტი, ყოველთვის უტოვებდნენ მეტოქეს შანსს, ამიტომაც ჰგავდა სასწაულს მათი გამარჯვებების სერია.  

სიტიმ კი როგორც იქნა შეიძინა ის ფორმა, რითიც დიდებულ ბარსელონას ვიცნობდით. რა თქმა უნდა, პეპი ისწრაფვოდა ამისკენ, რადგან, ყოველთვის ისწრაფვის სრულყოფილებისკენ.

მესის გარეშე

ჯერ არაფერი დასრულებულა, წინ ინტერთან მატჩია, იტალიელებს ყოველთვის შეეძლოთ ერთი გადამწყვეტი მატჩის მოგება, ნებისმიერ მოცემულობაში. ფავორიტი, რა თქმა უნდა, მანჩესტერ სიტია, მაგრამ ინძაგის აუცილებლად ექნება გეგმა. ტოპ კლასის მწვრთნელია, რომელმაც ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწია შედეგს და ახლა სურს კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი და ხმაურიანი გამარჯვება იზეიმოს.

გვარდიოლა კი ახლოს არის პირველად მოიგოს ჩემპიონთა ლიგა ლიონელ მესის გარეშე. მრავალი წელია ამ მიზანს ისახავს და ახლა მოვიდა ამის დრო. ალბათ უფრო მეტი შანსიც აქვს, ვიდრე 2021 წელს ჰქონდა ჩელსისთან ფინალში, მანჩესტერ სიტი ახლა უკეთესი გუნდია. კევინ დე ბრუინი ახლა უკეთეს ფორმაშია, ახლა გუნდს ერლინგ ჰოლანდი ჰყავს, მსოფლიოს გამორჩეული ვარსკვლავი, რომელმაც რეალთან ვერ შეძლო გოლის გატანა, მაგრამ ყოველთვის იმხელა ყურადღებას იქცევს, რომ სხვა შემტევებს ხელ-ფეხი ეხსნებათ. ცენტრალური მცველები მთელი 90-წუთის მანძილზე წნეხში ჰყავს და იმაზე აფიქრებს, რომ მათ ზურგს უკან გაიქცევა. ძლიერია დასწრებაზე, კარგია მაღალ ბურთზე, ერთი შეხედვით ყველაფერი შეუძლია.

რაც უფრო მრავალმხრივია ფეხბურთელი, მით უფრო მეტი ტაქტიკური ვარიაციის შემოთავაზება შეუძლია მთავარ მწვრთნელს. მიეცით გვარდიოლას ასეთი ფეხბურთელი და რაღაც ახალს ყოველთვის მოიფიქრებს. პეპი თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე დიდი ინოვატორია.

ნაკლები ექსპერიმენტი

სიტი პლეიოფებში აღარ შეცვლილა, როგორ წინა სეზონებში იცვლებოდა, გვარდიოლას ექსპერიმენტების გადამკიდე. ახლა საკმარისი ნდობა აქვს ფეხბურთელების მიმართ, წარსულში კი ასე არ ყოფილა.

ჯერ უნდობლობა იყო, მერე იმედგაცრუება. ლეროი ზანესგან ცდილობდა რაღაც განსაკუთღებულის მიღებას, მაგრამ არ გამოვიდა. თავის მხრივ, ლეროიც უცნაური გარემარბი იყო თანამედროვე ფეხბურთისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ცაციაა, მარცხნივ ბევრად უკეთ თამაშობდა, ვიდრე მარჯვნივ, საერთოდ არ ჰგავდა არიენ რობენს. არც მარეზს, არც ბერნარდუს. ცენტრში შემოსვლა და დარტყმა მისი საყვარელი მანევრი არასდროს ყოფილა.  

კარგი სანახავი იყო დე ბრუინისა და მისი დუეტი, კევინის შემოვლებული პასი და ძალიან სწრაფი და ტექნიკური ზანე, თუმცა, წასვლა მოუხდა, გაიყინა, პროგრესი არ ჰქონია, პეპის ხელში თუ პროგრესი არ გაქვს, ეს რეგრესის ტოლფასია, ამას არავინ გაპატიებს. პრობლემა იყო მარტივი პასის კულტურაც. რთულ მდგომარეობაში შეეძლო გამოსავალი ეპოვა, მაგრამ მარტივ სიტუაციაში ცდებოდა, პეპის ფეხბურთი კი სწორედ ამ სიმარტივეზე დგას.  

იმედგაცრუება იყო რაჰიმ სტერლინგიც, ხშირად ვრცელდებოდა ვიდეოანალიზი როგორ ასწავლა პეპმა ფეხბურთის თამაში, როგორ ასწავლა უბურთოდ მოძრაობა, როგორ აითვისა ეს ყველაფერი რაჰიმმა და როგორ შეასხა ხორცი გოლების სახით, მაგრამ რაჰიმი ის ფეხბურთელი გამოდგა, რომელიც გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის დაგაღალატებს, შესაბამისად, გაჩნდა კითხვა – რა აზრი აქვს მთელი სეზონი ვანდო, თუ გადამწყვეტ მომენტში თავს ვერ გამოიჩენს?!

კითხვას პასუხი გაეცა და ინგლისელს ხელი დაუქნიეს.

ვერ ვიტყვით, რომ გასაოცარი სეზონი აქვს ჯეკ გრილიშს, მაგრამ ყველა ხედავს, რომ პროგრესირებს. მარეზი ზუსტად იმ ფეხბურთს თამაშობს, რომელიც პეპს მოსწონს, იმავე შეიძლება ითქვას ბერნარდუ სილვაზე, მადრიდთან მატჩის ერთ-ერთ გმირზე. დანარჩენებზე საუბარი კი ალბათ არც ღირს, ყველაფერი თავის ადგილზეა.

სადაური სტოუნზი ხარ შენ?

სტოუნზმა დიდი გზა გაიარა აქამდე, რაღაც მხრივ მასაც კითხვის ნიშანი დაუსვეს, ზუსტად იქ ჰქონდა მინუსი, სადაც გვარდიოლა არავის არაფერს პატიობს. პირველი პასის დროს ცდებოდა ხოლმე. პოზიციურადაც ბევრი მინუსი ჰქონდა. ერთი-ერთზე ყოველთვის კარგი იყო, გოლებიც გაჰქონდა სტანდარტულებიდან, მაგრამ მინუსებს ვერაფრით უშველა. ამიტომ, დრო და დრო, მოდიოდნენ ხოლმე ახალი მცველები, სტოუნზი კი თავის თავზე მუშაობდა. როგორც ჩანს მუშაობდა ძალიან ბევრს.

ახლა უპირატესობად აქცია ის, რაც მისი მინუსი იყო. პეპი უკვე საყრდენ ზონაშიც კი იყენებს, რაც ზუსტად იმაზე მიგვანიშნევს, რომ მისი გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე და პასის კულტურა ბევრად გამოსწორებულია, სხვაგვარად საყრდენ ზონაში არავინ დაგაყენებს, მით უმეტეს, არ დაგაყენებს პეპ გვარდიოლა.

ეს კი უკვე ხელოვნებაა, ეს მიქელანჯელოსა და აგული ერისთავის გზაა. ოღონდ გვარდიოლა უფრო მიქელანჯელოსკენ იხრება, ის ხედავს მასალას და უბრალოდ ზედმეტს აცილებს. საბოლოოდ კი რაღაც ისეთს ვიღებთ, რასაც ხალხი შედევრს, საოცნებოს, გენიალურს უწოდებს.

სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ სიტი ჩემპიონობისთვის მზად არის, ამ გუნდს ზედმეტი უკვე აღარაფერი აქვს, რაც ჰქონდა, გვარდიოლამ მოაცილა.

ფერგის მდევარი

ვინ იყო ბოლოს ინგლისურ ფეხბურთში ვინც ჰეთთრიქი შეასრულა? რამდენადაც მახსოვს, სერ ალექსი. შანსი რამდენიმეს ჰქონია, მაგალითად ჟოზე მოურინიუს, იურგენ კლოპს საერთოდ პოკერის შესრულების შანსი ჰქონდა, მაგრამ პრემიერ ლიგას ბოლო ტურში ვერ შეწვდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი რეალთან წააგო. შერჩა მხოლოდ ინგლისის თასები.

სერ ალექსის ლეგენდარული იუნაიტედი კი ყველას კარგად ახსოვს, 1998/99 წლების სეზონში იზეიმეს წითლებმა სამი ტიტულის მოგება და რა უნდა იყოს სიტისთვის ამაზე დიდი მოტივაცია, მეზობელს ჭრილობაზე დააჭიროს ფეხი და უთხრას, რომ ახლა ისინი არიან მწვერვალზე, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელით სათავეში.

საერთოდ, გვარდიოლას მთავარი მოტივაცია მგონია, რომ ალექს ფერგიუსონია. არა კლოპი, ჟოზე, ან, თავისივე გამოზრდილი ახალბედა მწვრთნელები, არამედ, სერ ალექსი. უდიდესი უდიდესთა შორის, ვისაც პრემიერ ლიგის ეპოქაში გუნდი გაუწვრთნია.

პეპს მისი მიღწევების გამეორება სურს, ისეთივე დინასტიისა და მემკვიდრეობის დატოვების სურვილი აქვს, თანაც გაცილებით მოკლე ხანში. ვიცით, რომ ერთ კლუბში დარჩენა დიდად არ უყვარს, თავად ფერგიუსონმა ურჩია თავის დროზე, შენს ადგილზე ბარსელონაში დიდხანს დავრჩებოდიო, მაგრამ პეპი სხვა ადამიანი გამოდგა, ახალი გამოწვევების მოყვარული, თანაც, ფერგის მსგავსად დიქტატორია, მას სურს, რომ ყველაფერი ექვემდებარებოდეს, ბარსელონაში კი ორი პრობლემა გაჩნდა, პირველი იყო სანდრო როსელის პოლიტიკა, მეორე კი სრულიად ფეხბურთის დიქტატორი, რომელიც შიშის ზარს სცემდა საფეხბურთო სამყაროს. არ აქვს მნიშვნელობა მესი მორჩილი იყო თუ არა, პეპს პატივს სცემდა თუ არა, ფეხბურთელის გავლენა თუ მწვრთნელზე მეტად გაიზარდა, იქ სიტუაციის მართვა ყოველთვის ძალიან რთულია.

ფერგი ამას არასდროს დაუშვებდა, და ამავე გზას გაჰყვა გვარდიოლაც, ამავე პრინციპებს, ამავე ღირებულებებს, საფეხბურთო თვალსაზრისით კი მფრინავი ნიდერლანდელის მიმდევარია, თუმცა, უკვე ისეთ სიდიდეს მიაღწია, რომ სამომავლოდ მის მიმდევრებზე ისაუბრებენ.

ჰოდა ასე, პრემიერ ლიგის მოსაგებად ერთი მოგებაა საჭირო და სიტი ამ ერთ მატჩს მოიგებს. FA Cup-ის ფინალში მანჩესტერული დერბი გველის. დიდებული თამაში იქნება. რეპეტიცია ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის.

მთავარი მატჩი კი 10 ივნისს შედგება, ქალაქ სტამბოლში.