ჩვენ გვძულდა კობი.
გვძულდა მისი სწრაფვა პირველობისკენ და გვძულდა მისი გაღებული მსხვერპლი. თორმეტი წლის ბავშვების გადმოსახედიდან უკანასკნელი ადამიანების სამყოფელში გავუშვით, ჩვენი ჭკუით წერტილი დავუსვით, დავამთავრეთ – როგორც ქართველი პოლიტიკოსები იტყვიან ხოლმე.
იქამდე ძმაკაცივით ვუყურებდით, დიდი კაცი იყო, მაგრამ კობი მაინც პატარა ძმასავით გვყავდა, რადგან შაკი იყო ჩვენი დიდი ძმა. ლეიკერსიც შაკის გამო შევიყვარეთ და კალათბურთიც მის გამო გვიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ბურთს წითელი ხარის თავი ეხატა.
ჯორდანიც ვიცოდით, ოღონდ Space Jam-დან, ღმერთივით იყო. ვაშინგტონში თამაში განაახლა და ყურებს ვერ ვუჯერებდით, ცხრასაათიანი კურიერის ბოლო ხუთ წუთს ჩასაფრებულებმა რომ გავიგონეთ ჯორდანმა 51 ქულა ჩააგდოო.
– ეს ნაღდი ჯორდანია?
ბევრის მნახველები მხოლოდ ჩიკაგოს ჯორდანს სცნობდნენ. იმის მერე რაღაც სხვა იყო.
ბავშვებს უყვართ სპილოები და გრენდაიზერი. სპილო სიმშვიდისა და სტაბილურობის სიმბოლო ყოფილა, პატარები ასე აღიქვამენ თურმე. თანაც, პიპინია ერისთავს თუ დავუჯერებთ სპილო ადამიანის ერთგული მეგობარია. გრენდაიზერი კი გვიყვარდა იმიტომ, რომ ყველაფერს ლეწავდა, შაკილ ონილივით.
ჩვენთვის აივერსონის დრიბლინგზე ბევრად დიდი სანახაობა იყო ვებერთელა კაცი, თავზე რომ ატენის ასევე დიდ კაცებს და ფარს-ფარზე ლეწავს.
Can Youu Dig IIITT?!
ასე ვუყურებდით ყველაფერს შაკის თვალებით. გიგანტი სუპერმენის თვალებით. მისი პერსპექტივიდან კი ყველა პატარა ჩანდა, მათ შორის კობიც, ამიტომ ჩვენთვის ეს ოქროსბიჭუნა უბრალო ლაწირაკი იყო, ბურთის ღორობა და ბევრი ლაპარაკი რომ უყვარდა.
ჩემპიონები ისე გახდნენ საერთოდ კითხვა არ დაუტოვებიათ, მათი დუეტი ვის რომელ ადგილზე ჰყავდა არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ყველა დროის საუკეთესოა. ყველა დროის ყველაზე დომინანტი და მენტალური მონსტრი, რომელიც მაშინ უკვე ავლენდა ხასიათს უბრალოდ ჩვენ და ალბათ კიდევ მილიონობით ადამიანი ამას ბოლომდე ვერ აღიქვამდა, რადგან ყველანი ყველაფერს ვუყურებდით შაკის თვალებით.
თუმცა, მაშინ უკვე მოიძებდნებოდნენ ტიპები, კობი რომ უფრო მოსწონდათ, მათი არ გვესმოდა. ეგ სხვა ხალხი იყო. მათთან ერთად ბურთიც არ გვითამაშია.
მერე კი პირველად გამოვარდნენ პლეიოფებიდან, აქამდე ლეიკერსის მარცხი ფინალებში საერთოდ ნანახიც არ გვქონია. მთავარ ანტაგონისტებად აღვიქვამდი გრეგ პოპოვიჩსა და ტიმ დანკანს. ჩემთვის ბოროტების განსახიერება იყო ერთიც და მეორეც, არადა, ტიმზე მშვიდი კაცი დიდების დარბაზს არ ახსოვს და გრეგზე კეთილი.. კაი, გრეგი იქით იყოს.
კობის ბრალია!
ესეც განაჩენივით გამოვიტანეთ. ყველაფერი კობის ბრალია. მარცხზე პასუხისმგებლობას ყოველთვის ლიდერები უნდა იღებდნენ, ან კობიზე უნდა გვეთქვა რამე, ან შაკზე, რა თქმა უნდა, კობი გავწირეთ.
არადა როგორ გვინდოდა გადაბმულად, ზედიზედ მოეგო ლეიკერსს ათი ტიტული, ასე დაგვილაგდა გონებაში, გვეგონა, რომ ეს მარტივი ამბავი იყო, აბა ამათთვის სირთულე საერთოდ არ არსებობდა. ჰოდა, გაწყდა რაღაც, გუნება გაგვიფუჭდა, დამთავრდა ჩვენი ოცნება.
თუმცა, დაიწყო ახალი სეზონი, კობი და შაკი ისევ ერთად არიან და სულ მიგვავიწყდა, რომ წინა სეზონი წააგეს, ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება, ერთადერთი რაზეც ვფიქრობდით შურისძიება იყო, ტიმ დანკანი და გრეგ პოპოვიჩი უნდა დაგვეგდო პარკეტზე!
როცა სან ანტონიომ პირველი ორი თამაში მოიგო ვიფიქრე, რომ ყველაფერი დასრულდა, ისევ იგივე მეორდებოდა, მაგრამ კობიმ გვაჩვენა, რომ ყველაფერი წინ არის, რაღაც შეიცვალა მასში, ან იქნებ ყოველთვის ასეთი იყო, უბრალოდ მანამდე ვერ ვამჩნევდით.
ჯერ სხვაობა შემცირდა, მერე იყო კობის 42 ქულა და 2-2. შემდეგ კი Game 5, ბოლო წამები, მთელი ყურადღება კობიზეა, ამ დროს დერეკ ფიშერი თავისუფლდება და ბაზერ ბითერი! სანამ მსაჯები ამოწმებდნენ ბურთმა გაასწრო თუ არა დროს, მანამდე ფიშერი გასახდელში გავარდა, ბრაიანტიც გაეკიდა და შაკიც წაძუნძულდა.
იქვე, კომენტატორმა შენიშნა, სანამ განაჩენს გამოიტანენ ლეიკერსი უკვე აეროპორტში იქნებაო. სან ანტონიოს დამარცხება უკვე დროის ამბავი გახდა. ჩემთვის კი მათი დამარცხება ჩემპიონობის ტოლფასი იყო, სხვაგვარად ვერც წარმომედგინა.
შემდეგ იყო მინესოტა და ისევ ფინალი, წამოვა მეოთხე, უეჭველად წამოვა..
წამოვიდა რაღაც ისეთი ბლაგვი რომ ეკრანთან გაგვთიშა. ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ლეიკერსი ფინალს წააგებდა, თანაც უშანსოდ. რაღაც აირია.. გაფუჭდა ჩვენი გრენდაიზერი. ტრანსფორმაცია აღარ შეუძლია, დევს თავისთვის და არაფერს აკეთებს, მეტოქე კიდე მოდის და თავზე გვამხობს ყველაფერს.
ისე გვეტკინა ეს მარცხი რომ გავიზარდეთ.
მერე, ვიღაც ღვთისნიერმა გვითხრა, ეგ არაფერი ძმებო, ჩიკაგომაც დაისვენა სამი მოგებული ფინალის მერეო. აჰა, თურმე ეგ ყოფილა, ათი ბეჭედი კი არა, ორჯერ სამიც საკმარისი იქნებოდა რაღაც განსაკუთრებულის მისაღწევად, ჰოდა ისევ დავაჯერეთ თავს რომ ყველაფერი წინ არის, მაგრამ გავიგეთ ამბავი, რომელიც ვერ დავიჯერეთ, ჩვენ ხომ შაკის თვალებით ვუყურებდით ყველაფერს.
კობიმ გვიღალატა.
გაიქცა ბოსებთან, ან მე, ან ეს მსუქანა კაციო, – ასე დააყენა საკითხი. ეგ არის შენი ძმაკაცობა? უკანასკნელი კაცი გახდა, არადა პატარა ძმა იყო ჩვენი. დანა დაგვარტყა ზურგში!
ლოს ანჯელესში დატრიალებულ ამბებს აგერ თბილისში ყვებოდნენ. მივარდა ჩვენი შაკი და გადალეწა ეგ თქვენი კობი შუაზეო. იყო ასეთი ზღაპრები, როგორც ხდება ხოლმე. კობის ფანებიც ვერაფერს ამბობდნენ, ამ დროს კობის ვერ იცავდნენ თბილისის ქუჩებში, იმიტომ, რომ არასწორი იყო.
ჰოდა, წავიდა ჩვენი დიდი ძმა გულგატეხილი.
ჩვენ რა ვქნათ ჩვენ?!
თან ლეიკერსის ფანები ვართ, თან ეს ტიპი უკვე გვეზიზღება. ყველა ჩაგდებულ სამქულიანზე გორელი ფანებივით ველამუნებით, ილო ბეროშვილის გაცხადებული ლექსიკით.
მერე კიდე კულმინაცია შედგა, ონილის მაიამი ლოს ანჯელესში ჩამოვიდა. ვაჰ, ავიჭერით, რა გინდა რომ ქნა, თან იქით მიგიწევს გული, თან ამ გუნდის ფანი ხარ ბავშვობიდან, იმ გუნდში შენი დიდი ძმაა, და ამ გუნდში ეს ბოღმა კაცი.
თუფაქი და ბიგი, ერთ დროს ძმები და უკვე მტრები.
Back to Cali !
შაკი უჟმურად მიესალმა, იმანაც უღმერთოდ ჩაუარა და დაიწყო!
როგორ მომენატრა ეს სანახაობა, დიდი კაცი ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება ფარს, მეტოქეს არ იმჩნევს, ხტება და თავზე ატენის მთელ ლოს ანჯელესს! საით ზის ჯეკ ნიკოლსონი? თვალი გამისწორე ჯეკი!
იქით შაკი ყრის, აქეთ კობი, დაძაბულობა ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა, ბოლოს კობი შეგნებულად მიდის შაკზე და მეხუთე პერსონალურს აღებინებს. დიდი ძმა ბრაზობს, ძალიან ბრაზობს. რომ მიუშვა ალბათ შუაზე გაგლეჯს. კობის სახეზე კი ვნახეთ ის, რაც მომდევნო წლებში ათასჯერ გვინახავს, იგებს თუ მარცხდება ბოლო სიტყვა მისია, ეს კაცი არ აგებს, თუ მაინც მოახერხე და დაამარცხე სწრაფად წადი და დაასრულე კარიერა, თორემ გიპოვის და შურს იძიებს ძალიან მწარედ.
რა ჰქვია ამ ყველაფერს?
თავად Mamba Mentality უწოდა.
წლები მოგვემატა და რაღაცებს მივხვდით. ეს ხომ ქუჩა არ ყოფილა, სპორტია. სხვა წესებია, კობის გამარჯვება სურდა, შაკი ზარმაცობდა, კობი დღე და ღამე ვარჯიშობდა, შაკი სუქდებოდა, კობის პირველობა სურდა, შაკის ჩრდილი კი მისი წონის შესაბამისად იზრდებოდა.
როგორც იქნა თვალი აგვეხილა და დავინახეთ რას ცდილობდა, დავინახეთ მასში დაუოკებელი სწრაფვა ყოფილიყო საუკეთესო, წარმოუდგენელი ვნება თამაშის მიმართ. ახლა უკვე ის გახდა დიდი ძმა. ახლა უკვე მისი თვალებით ვხედავდით ყველაფერს, ეს ჩვენი გრენდაიზერი სუსტი აღმოჩნდა, პარადოქსია, ონილზე სუსტიაო რა ათქმევინებს ადამიანს, მაგრამ კობის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, სუსტია.
იმის ნახევარიც კი არ გაუღია, რაც კობიმ გაიღო.
კობიც ამბობდა, ჩემი მსგავსი „ჰარდვორქერი“ რომ ყოფილიყო ულაპარაკოდ ყველა დროის საუკეთესო იქნებოდაო. შაკი გაბრაზდა ამაზე, მარტივად სწყინს ხოლმე ყველაფერი და მერე ირტყმევინება.
ლაპარაკს სჯობდა უფრო ხშირად მოგეცა ჩემთვის პასიო.
ამაზე უკვე ვერთობოდით, გვიხაროდა, რომ მოგვარდნენ, შერიგდნენ, ისე გვიხაროდა, თითქოს მართლა ჩვენი ძმაკაცები ყოფილიყვნენ.
შაკმა მაიამიში მოიგო ბეჭედი, – ესეც მეოთხე!
მერე კობი გაუთანაბრდა, მერე გარნეტის ბოსტონი დაამარცხა ფინალში, – ესეც ხუთი!
მოირგო თითზე და თითქოს გვითხრა, – ეჭვი გეპარებოდათ ჩემში? რა თქმა უნდა, ეჭვობდით, მე კი ძალას მმატებდა თქვენი ეჭვები.
კობიმ ჯერ გვაიძულა რომ მისთვის პატივი გვეცა, მერე გვაიძულა საუკეთესოდ მიგვეჩნია, მერე კი ისევე შევიყვარეთ, როგორც დიდი ძმა გვიყვარდა. ეს ჭირვეული ბავშვი მენტალურ მონსტრად ჩამოყალიბდა. თუ კობი პარკეტზეა ვერავინ დაგვჩაგრავს! ლებრონით დაწყებული, დირკით და გარნეტით დამთავრებული, ვინც გინდათ, როცა გინდათ, კობი თუ ჩვენთან არის, ბოლო სიტყვაც ჩვენი იქნება.
სიამაყე თუ გიგრძვნიათ უცხო ადამიანის გამო? აქილევს გაწყვეტილი ბრუნდება პარკეტზე და ჯარიმებს ისვრის, წესით ფეხზე ვერ უნდა იდგეს, ეს კიდე კოჭლობით მოდის და საქმე ბოლომდე მიჰყავს. სხვაგვარად არ შეუძლია.
ალბათ არ იყო უცხო, ალბათ ჩვენთვისაც ძალიან ახლო ადამიანი იყო, აბა ვინ დათვლის რამდენისთვის გამხდარა შთაგონების წყარო, რამდენს დახმარებია წამოდგომაში, ცხოვრების გაგრძელებაში, მიზნის მიღწევაში, რამდენს ეხმარება დღემდე სულ სხვა სამყაროდან, აქ დატოვებული მარადიული სიტყვით.
მძიმე გამოდგა შაკის ყურება, ჩვენი ბავშვობის გმირის. იჯდა და პატარა ბავშვივით ტიროდა ეს ვებერთელა კაცი, გიგანტი სუპერგმირი, თავისივე ცრემლები ახრჩობდა და ბოლო სიტყვით აცილებდა პატარა ძმას.
ისევ მისი თვალით შევხედეთ ყველაფერს, სულ რაღაც ერთი წუთით ისევ ბავშვებად გვაქცია, ასე ერთ წუთში გადაგვისროლა ავტოფარეხის კარზე დამაგრებულ დაჟანგულ ფართან, თამაშის მოლოდინში მალულად გათენებულ ღამეებთან, ბურთის დევნაში, შეყვარებაში, შეძულებაში, გაღმერთებაში.