17 ივნისს, თბილისის დროით 22:45 წუთზე საქართველოს ნაკრები კვიპროსზე ადგილობრივ ნაკრებს შეხვდება. მთავარ ინტრიგას ქართული დაპირისპირება იწვევს. თემურ ქეცბაიას არ სურდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ თამაში, მაგრამ ასე მოხდა.
ასეთი დუელი ყოველთვის საინტერესო მოვლენაა, დიდ ჩემპიონატებზეც გვინახავს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გასული მწვრთნელები, მეტოქის მხარეს მიბრუნებული რომ მღერის ეროვნულ ჰიმნს. ერთი-ორი შემთხვევა ჩვენს ისტორიაშიც ყოფილა, რევაზ ძოძუაშვილის გაწვრთნილი ლატვია შეხვდა საქართველოს ნაკრებს, თანაც ორჯერ – ერთხელ ამხანაგურ მატჩში, ერთხელ კი ოფიციალურ შეხვედრაში.
ამხანაგური ჩვენი ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, გოჩა ჯამარაულმა დუბლი შეასრულა. ოფიციალური კი ძოძუაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მოიგო. მაშინ, საქართველოს ნაკრებს ვლადიმერ გუცაევი წვრთნიდა, რომელმაც გუნდი ორი ნომინალური მცველით გამოიყვანა – კახი კალაძისა და გელა შეყილაძის სახით.
ყოფილი ფეხბურთელი, ყოფილი მწვრთნელი..
თემურ ქეცბაია ის კაცია თავის საქმეში რომ ბოლომდე იხარჯება. მისი კონფლიქტებიც აქიდან იწყება, როგორც თავად მუშაობს ისე თხოვს სხვასაც, ყველას კი არ შეუძლია ასე შემართებით მოქმედება. გამოდის, რომ თემური ხანდახან შეუძლებელს ითხოვს ხოლმე. ფსიქოლოფიური მომზადება კი მისი კოზირი არასდროს ყოფილა. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ამაზე უარი თქვა, – “გუნდში ფსიქოლოგი რად მინდა, აბა მე აქ რას ვაკეთებო” – თქვა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას, ჩათვალა, რომ ფსიქოლოგიური ჩარევა მხოლოდ მოტივაციას გულისხმობს, რაც მცდარი მოსაზრებაა.
ხანდახან სტრესისგან განტვირთვაა საჭირო. მით უმეტეს, მაშინ, როცა ამ სტრესის წყარო მთავარი მწვრთნელია.
საქართველოს ნაკრებში მის გატარებულ პერიოდს წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ერთი მხრივ იმიტომ, რომ მის დროს ერთა ლიგა არ არსებობდა. მეორე მხრივ იმიტომ, რომ გარდამტეხ ეტაპზე ჩაიბარა ნაკრები, თაობათა ცვლის პროცესმა კი უმტკივნეულოდ ვერ ჩაიარა, მოულოდნელად გამოეცალნენ ხელიდან ვეტერანები, (ასათიანი, კალაძე) ახალგაზრდებს შორის კი ენდო იმ ხალხს, რომელთა ნდობაც არაფრით არ შეიძლებოდა, იმიტომ, რომ ჩვენი ახალგაზრდები პროფესიონალებად ვერ ჩამოყალიბდნენ.
ეს რომ კლუბი ყოფილიყო თემური უფრო მეტს შეძლებდა ამ თაობასთან, მაგრამ ნაკრების მწვრთნელის რანგში მათი კონტროლი შეუძლებელი იყო.
ჟურნალისტებთან ომი
ყველას ახსოვს ბოლო ინტერაქტივი, – უნდა დარჩეს თუ არა თემურ ქეცბაია ნაკრებში? – იყო ასეთი კითხვა და ბევრს ეს გადაცემა ახლა კომიკურად ახსენდება, მაგრამ გაცილებით საინტერესოდ წარიმართა, ვიდრე ბევრს ჰგონია.
თავდაპირველად პასუხი დადებითი იყო, უმრავლესობა ითხოვდა, რომ თემური წასულიყო, რადგან შედეგებიც ძალიან ცუდი იყო და სათამაშო ხარისხიც. გადაცემის ბოლოს კი მაყურებელმა აზრი შეიცვალა, რატომ? იმიტომ, რომ ინტერაქტივი თემურ ქეცბაიასა და დავით მინაშვილის დუელად გადაიქცა, ქართველ ჟურნალისტებთან მიმართებით კი თემური გაცილებით კეთილსინდისიერი და მშრომელი კაცი იყო. ბოლოს და ბოლოს, კონფორმიზმში მაინც ვერ დაადანაშაულებს ვერავინ. შესაბამისად, მაყურებელმა ეს გამოკითხვა აღიქვა შემდეგნაირად – ქართული ჟურნალისტიკა vs თემურ ქეცბაია – აი, ასე მოიგო თემურმა ეს ინტერაქტივი. მომავალი თაობა ამას ვერ მიხვდება, მაგრამ ჩვენ გვახსოვს, კონტექსტიც და პროცესიც.
იყო ერთი ჟურნალისტის აბსურდული გამოხტომა საფრანგეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ, იყო კიდევ დამამცირებელი ბლოგი ჟურნალ ტაბულაზე, რასაც გულშემატკივართა, (მათ შორის ჩემიც) გულისწყრომა მოჰყვა და შედეგად მივიღეთ მეორე ბლოგი, უკვე განმარტებითი, ავტორი გვიხსნიდა რა იგულისხმა, მაგრამ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო თავი.
მოკლედ, თემურს საქმე ვერ წაუვიდა კარგად. არასწორი გადაწყვეტილებებიც მიუღია, მისი მეთოდები, შესაძლოა, გაუმართლებელიც იყო, მაგრამ არსებულ გარემოსთან მიმართებით – დაწყებული პოლიტიკური მდგომარეობით, გაგრძელებული სოციუმში არსებული ღირებულებათა სისტემით და დასრულებული ტელეჟურნალისტიკაში არსებული კოშმარით – აბსოლუტურად მართალი იყო.
ამიტომაც, დღემდე უყვართ და პატივს სცემენ.
პირველ რიგში, საკუთარ თავს ავნო
ადრეც დამიწერია, თემური იმაზე დიდხანს დარჩა საქართველოს ნაკრებში, ვიდრე საჭირო იყო. გაცილებით სწრაფად უნდა დაეტოვებინა აქაორობა, დაახანა და ორივე მხარე დაზარალდა.
მაშინ, ჯერ კიდევ ჰქონდა შემოთავაზებები მაღალი რანგის გუნდებისგან. საერთოდ, ქეცბაია იყო პირველი მწვრთნელი, რომლის დანიშვნის დროსაც საყოველთაო კონსოლიდაცია გვქონდა ქვეყანაში. მერე, აღმოჩნდა, რომ თურმე არ თამაშობს ისეთ ფეხბურთს, როგორიც ბევრს სურდა, მტრებიც გამოუჩნდა და კრიტიკოსებიც. თუმცა, დასაწყისში ყველა შეთანხმდა, რომ ქართველი კაცი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა წიხლით შეაღო, იდეალური კანდიდატი იყო ნაკრებისთვის – პიროვნული მახასიათებლებისა და საერთაშორისო გამოცდილების გამო. მას მერე ქართველ მწვრთნელს მსგავსი აღიარება არ ღირსებია.
ესეც დამიწერია – გახსოვთ პირველი ამბოხი? საბერძნეთის ნაკრებთან საკუთარ კედლებში წაგების გამო ხალხი მის გაშვებას ითხოვდა. ეს ჯერ კიდევ პირველი შესარჩევი ეტაპი იყო, ესე იგი, ის ეტაპი, რომელიც მისი წინამორბედისას გაცილებით სჯობდა. მართალია, ცუდად ჩაამთავრა, თუმცა, ხომ ვახსენეთ? ხერხემალი გამოეცალა შუა გზაში, მალხაზ ასათიანმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, თამაშს აღარ ვაპირებო. მახო რა ძალა იყო ნაკრებისთვის ყველას კარგად მოგეხსენებათ.
მახოსვს გაოგნებული ხალხის გადაძახილი – ეს “პროტესტანდები” ვინ არიან? საიდან მოვიდნენო?! იმდენად არაადეკვატური იყო მათი მოთხოვნა, რომ თავი-ბოლო ვერავინ გაუგო.
საქმე ის არის, რომ მცირე ხნით ადრე ქეცბაიამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა უმცროსი ახალკაცის ფედერაციაში რომ მივედი საღორე დამხვდა, ახლა ბევრი რამ გამოსწორებულიაო.
რას ჰქვია საღორეო?! იუკადრისეს მაშინდელმა პარტაქტივისტებმა, თავის დროზე, რატომღაც ახალკაცს რომ ამოუყენეს გვერდით და პატარა ამბოხის ორგანიზებაც შეძლეს – თემური უნდა წავიდესო.
აი, ასეთი ამბავი იყო. მომავალი თაობა ვერც ამას მიხვდება, ჩვენ კი გვახსოს, ვინც მაშინ მოედანზე იყო და ვინც ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებოდა მოვლენებს.
ნაკრების მერე
აშკარად ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. ეჭვგარეშეა. ყოველთვის ფიცხი და აგრესიული იყო, მაგრამ ზღვარს გასცდა, ვერავისთან ურთიერთობა ვერ დაალაგა, თანამედროვე მწვრთნელისთვის კი დიპლომატიურობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ბოლოს ეროვნულ ნაკრებთან მაინც გადაიკვეთა, როდესაც ვაისის მომზადებულ საქართველოს ნაკრებს ევროზე გამსვლელი ფინალი უნდა ეთამაშა, თემურმა ქართველებს დაუძახა და ვინც უთამაშებელი იყო ყველას ნდობა გამოუცხადა. იმდენი ქართველი დაიმატა რამდენის შესაძლებლობაც იყო, ზიანიც კი მიადგა ამის გამო, ჯანოს გადასვლა და გუნდის ჩამორჩენა ერთი იყო, არადა, ჩემპიონობისკენ მიიწევდნენ.
ოქრიაშვილისგან განსხვავებით, ანანიძეს არაფერი გამოუვიდა. ისევ ტრავმები და.. მორჩა.
ფინალზეც ჩამოვიდა, გაბრაზებულმა დატოვა აქაორობა, – როცა ფინალს თამაშობ არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაკლია, ვალდებული ხარ რომ მოიგოო. – შეუტია თავისებურად. რავიცი.. მისი მსგავსი შემართება არავის ჰქონია, თუმცა, მნიშვნელოვან და რაღაც თვალსაზრისით, გადამწყვეტ შეხვედრაში მასაც გაუფუჭებია საქმე, ბულგარეთთან გასვლაზე ისეთი ბურთები აქვს გაფუჭებული, მის კარიერაში რომ მეტს ვერ ნახავთ. ასეთი რომ მის ფეხბურთელს გაეკეთებინა წარმოდგენაც არ მინდა რა დღეში ჩააგდებდა.
მოკლედ, ხდება ხოლმე. ფეხბურთია. ცუდი დღეები ყველას ჰქონია. მთავარია წამოდგომა და წინსვლა შეძლო.
ისევ შევხვდებით.
ჯერ გასვლა იქნება, მერე კი თემურიც ჩამოვა და ეჭვიც არ მეპარება, რომ ოვაციებით დავხვდებით, არ აქვს მნიშვნელობა კვიპროსზე როგორ ჩამთავრდება შეხვედრა.
ის ამბოხებულები კიდე.. მათი ხმა არც მაშინ ისმოდა, ახლა ხომ საერთოდ ვეღარავის გააგონებენ.
რა გუნდია კვიპროსი
ეს თემურსაც უთქვამს, შიდა ჩემპიონატი ბევრად წინ არის, ვიდრე საქართველოშიო. ასეც არის, გვახსოვს თუნდაც კვიპროსის თასის ჩემპიონობა როგორ აღინიშნა, ისიც ვიცით ჩემპიონატში გამარჯვებას როგორ აღნიშნავენ და ისიც ვიცით, რომ ევროტურნირები სანატრელად არ აქვთ, ჩვენი ქვეყნის კლუბების მსგავსად.
ქეცბაიამ კვიპროსთან ერთად დიდებულად დაიწყო, საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა – 1:0. ეს კვიპროსზე დიდი ამბავია, დაუვიწყარი და ისტორიული ამბავია. თუმცა, შემდეგ ვერ მიაყოლა კარგი სერია – კოსოვოსთან განადგურდა – 1:5. იმ ჯგუფის შეხვედრაში კი რომელშიც საქართველოც იმყოფება, კვიპროსმა პირველი შეხვედრა შოტლანდიასთან ითამაშა, ესეც მარცხით დაასრულა – 0:3.
იყო კიდევ ამხანაგური მატჩი სომხეთთან – 2:2.
რთული მატჩი გველის, მეტოქე ყველაფერს გააკეთებს მოსაგებად, როგორი დამუხტული და შემართული იქნება კვიპროსი, ამაზე გექნებათ წარმოდგენა.
ჩვენზე რა ისმის?
ჩვენზე ისმის ის რომ ხალხს ისევ უხარია ნაკრების თამაში. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებით ამაყობენ. დიდი ხანია ქომაგს ასეთი გრძნობა არ ჰქონია, ურთიერთპატივისცემა ჩნდება ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს შორის, გუნდს ვემსგავსებით, გუნდები კიდე წარმატებას აღწევენ.
კარგი თაობაა, კარგი ატმოსფეროა, როგორც იქნა მოვიდა ის დრო, როცა ამბობდნენ ერთი ტოპ კლასის ფეხბურთელი გვჭირდება და 4-5 ტოპ კლასის ჩემპიონატში მოთამაშე, შედეგიც მერე მოვაო.
ჰოდა, მოვიდა ეგ დრო. აქ არის ტოპ კლასიც და ტოპ კლასის ჩემპიონატში მოთამაშეებიც. ჰა ბურთი და ჰა მოედანი.
მერე კიდე.. ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატია ჩვენთან, ჩვენს მიწაზე, ეს ვარსკვლავები ეროვნულს მოილევენ და მერე კიდევ დიდი ამბები გველის წინ.