2025 წელი ისტორიული გამოვიდა საკალათბურთო ნაკრებისთვის – ევრობასკეტზე ჯვაროსნებმა დამოუკიდებლობის ერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს.
ქართული წელი UFC-ში – 2025 წლის შეჯამება
ხვიჩა კვარაცხელია – 2025 წლის შეჯამება
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2025 წელს გამართულ ევრობასკეტზე მეოთხედფინალურ ეტაპამდე მივიდა, რაც ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგი იყო.
იმის ფონზე, რომ ეროვნულ ნაკრებში თაობათა შორის ცვლა უკვე დაწყებულია, ეს შედეგი ევრობასკეტზე განსაკუთრებით აღსაღნიშნია. სულ რამდენიმე ხნის წინ, ეროვნულ ნაკრებში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინიმ, რომელიც ჯვაროსნების მაისურის 19 წლის განმავლობაში ატარებდა.
საქართველო ევრობასკეტ 2025-ზე


მიუხედავად იმისა, რომ ჯვაროსნები საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდნენ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა როგორღაც იპოვა ძალა დაემარცხებინა ევროპის იმდროინდელი ჩემპიონი – ესპანეთის ნაკრები ტურნირის პირველივე შეხვედრაში და საბოლოოდ ჯგუფიდან გაჭირვებით, თუმცა მაინც გავიდა.
ესპანეთის ნაკრებთან ჩატარებული ბრწყინვალე მატჩის შემდეგ, საქართველომ ევრობასკეტზე საბერძნეთის და იტალიის ნაკრებების წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. უნდა აღინიშნოს, რომ საბერძნეთთან გადახალისებული შემადგენლობით ვითამაშეთ, ხოლო იტალიის ნაკრებთან კონკურენტუნარიანი მატჩი გვქონდა და მოგების შანსებიც იყო.
კვიპროსის დამარცხებით ევრობასკეტის ჯგუფში კომფორტული უპირატესობა მოვიპოვეთ და ბოსნიასთან დარჩენილ შეხვედრაში მხოლოდ მოგება გვჭირდებოდა ჯგუფიდან ავტომატურად გასვლისთვის, თუმცა ბოსნიასთან დავმარცხდით, ხოლო ესპანეთის ნაკრებმა თავისი თამაში საბერძნეთთან წააგო და ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობით შემდეგ ეტაპზე გავედით.
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის მერვედფინალში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა საფრანგეთის უძლიერესი ნაკრების წინააღმდეგ (70:80) – ჯვაროსნებმა წინა ევროპის ჩემპიონატის ფინალისტებს თითქმის ყველა კომპონენტში აჯობეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ საფრანგეთის წინააღმდეგ ფენომენალური მატჩი ჩაატარა და კამარ ბოლდუინთან ერთად მატჩში ყველაზე მეტი ქულა (24) ჩააგდო. აღსანიშნავია სანდრო მამუკელაშვილის ბრწყინვალე თამაში ქლაჩთაიმში და ასევე გოგა ბითაძის დაცვა – გოგას მოედანზე ყოფნის დროს საქართველოს ნაკრები საოცარ დაცვას თამაშობდა (+14), ქართველი ცენტრი ეფექტურობის კოეფიციენტით ორივე გუნდში საუკეთესო იყო.
მეოთხედფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ფინეთი იყო, რომელთანაც საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი გამარჯვება გვქონდა.
სკანდინავიელები პერიმეტრიდან უზუსტესები იყვნენ და საწყის წუთებშივე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. პირველი ტაიმის შემდეგ ფინეთი 17-ქულიანი უპირატესობით გავიდა შესვენებაზე და საქართველოს ნაკრები უშანსო ჩანდა, თუმცა მესამე მეოთხედში თამაშში დაბრუნება მაინც შევძელით და პერიოდი 8 ქულით მოვიგეთ.
მეოთხე მეოთხედში კი რაღაც მომენტში საერთოდ ფინელების უპირატესობა 6 ქულამდე შევამცირეთ, თუმცა გარდატეხა თამაშში მაინც ვერ შევიტანეთ და დავმარცხდით. აღსანიშნავია, რომ მარცხის მიუხედავად, მატჩში ყველაზე მეტი ქულა სანდრო მამუკელაშვილმა ჩააგდო (22).
ამგვარად, 2025 წლის ევრობასკეტზე საქართველომ მეოთხედფინალურ ეტაპზე გასვლით თავისი არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი


ნოემბერში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორი მატჩი გამართა – უკრაინის და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ.
უკრაინასთან მატჩში ქართველი გულშემატკივრის წინაშე თავისი ბოლო შეხვედრა ჩაატარა გიორგი შერმადინიმ – საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტმა – გიორგის დებიუტი ჯვაროსნების მაისურით 17 წლის ასაკში ჰქონდა.
თბილისში გამართულ შეხვედრაში უკრაინასთან პირველი ორი მეოთხედი მშვენივრად ჩავატარეთ და შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით გავედით, თუმცა მეორე ნახევარში დაცვაში დაშვებული შეცდომების ხარჯზე, უკრაინა თამაშში დაბრუნდა და საბოლოოდ გამარჯვებაც დაიტოვა (79:92).
წლის ბოლო მატჩი ტენერიფეში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარეთ. გოგა ბითაძის და სანდრო მამუკელაშვილის არყოფნაში ჯიკიჩის გუნდს უჭირდა შეტევების აწყობა და საბოლოოდ ლა როხასთან გავნადგურდით (61:90).
მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის თეორიულ შანსს ინარჩუნებს – შემდეგ მატჩს ჯვაროსნები 2026 წლის 27 თებერვალს, დანიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.
შენგელიას ტრანსფერი ვირტუსიდან ბარსელონაში
ევროლიგის თამაშების ხილვა setantasports.com-ის პლატფორმაზეა შესაძლებელი
ვირტუსში გატარებული 4-წლიანი კარიერის შემდეგ 2025 წლის სეზონი თორნიკე შენგელიამ კატალონიის ბარსელონაში დაიწყო.
ევრობასკეტთან ფინეთთან ჩატარებული მატჩის შემდეგ შენგელიამ ბარსელონაში თავისი საებიუტო მატჩ ევროლიგაზე აპოელის წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც 8 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ბარსელონა საპლეიოფო ზონაშია და მე-5 ადგილს იკავებს. კატალონიელებს 12 მატჩის შემდეგ 8 მოგება და 4 მარცხი აქვთ.
ევროლიგის ახალ სეზონში თორნიკე შენგელიამ 15 თამაშში მიიღო მონაწილეობა. ბარსელონას ქართველი ფორვარდი კარგ სეზონს ატარებს და ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია.
შენგელიას ბარსელონა ევროლიგის მიმდინარე სეზონში მე-4 ადგილზე იმყოფება და ტურნირის მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.
ქართველები NBA-ში
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა – სანდრო მამუკელაშვილმა ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის სეზონი ახალ გუნდში – ტორონტო რეპტორსში დაიწყო.
გოგა ბითაძემ კი სეზონის დაწყებამდე ორლანდო მეჯიქთან ახალ, 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ქართველი ცენტრი მიმდინარე სეზონში ლიმიტირებულ სათამაშო წუთებს იღებს – გოგა საშუალოდ 16 წუთს თამაშობს მატჩში, რა დროშიც 6 ქულას, 5 მოხსნას და 1.3 ბლოკს აგროვებს.
ორლანდო მეჯიქი პლეი-ოფის ზონაში ადგილს ინარჩუნებს და რეგულარულ სეზონში ჩატარებული 32 მატჩის შემდეგ მე-5 ადგილზეა. ფლორიდულ გუნდს 18 მოგება და 14 წაგება აქვს.
NBA-ის კარიერაში თავის საუკეთესო სეზონს ატარებს სანდრო მამუკელაშვილი – ქართველი ახალ გუნდს კარგად მოერგო და მეტ სათამაშო დროს იღებს, რა დროშიც ის გუნდისთვის პროდუქტიულია და სტატისტიკურად თითქმის ყველა მაჩვენებელში თავის საუკეთესო შედეგს დებს.
ტორონტო რეპტორსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა და 33 მატჩში 19 მოგება და 14 მარცხი აქვს.
სანდრომ რეგულარული სეზონის საწყის მატჩებში ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშით დარკო რაიაკოვიჩის ნდობა მოიპოვა და მიმდინარე სეზონში საშუალოდ 21.1 წუთს თამაშობს, რა დროშიც ის 10.6 ქულას, 4.8 მოხსნას და 1.7 შედეგიან გადაცემას აგროვებს.
2025 წელს NBA-ში მოასპარეზე ქართველი კალათბურთელები პლეი-ოფის ზონაში ასრულებენ.