ნიკოლოზ ბასილაშვილი – ექსკლუზიური ინტერვიუ Setanta Sports-თან. ქართველ ჩოგბურთელს ლორენცო მუზეტის შემდეგ ინგლისში ვესაუბრეთ.
უიმბლდონზე ზედიზედ მოგებული 4 შეხვედრის შემდეგ ბასილაშვილი ძირითადი ბადის მე-2 წრეშია. მეტოქე კვლავ იტალიელი იქნება – ლორენცო სონეგომ 1-ლი წრე ხაიმე ფარიას 3-0 დამარცხებით გახსნა.
ბასილაშვილი vs სონეგო – პირდაპირი რეპორტაჟი
მიჯრით მეორე ქართულ – იტალიური დაპირისპირება უიმბლდონზე 3 ივლისს, 20:00 საათიდან არის ჩანიშნული. მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა მაყურებელს setantasports.com-სა და Setanta Sports-ზე შეეძლება.
ჩვენს პლატფორმაზე ფასდაკლების მისაღებად შეგიძლიათ, პრომო კოდები NEWS25 ან YEAR25 გამოიყენოთ.
NEWS25 – ერთთვიან გამოწერაზე – 30%.
YEAR25 – ერთწლიან გამოწერაზე – 30%.
პროცესი ამ ორი ბანერიდან სასურველზე ხელის დაჭერითაც შეგიძლიათ დაიწყოთ.
ამასთან, ძველი პრომო კოდები – NEWS24 და YEAR24 კვლავ აქტიურია.
ნიკოლოზ ბასილაშვილი – ინტერვიუ
მსოფლიოში უძველეს საჩოგბურთო ტურნირს, რომელიც 1877 წლიდან იმართება, ნიკოლოზ ბასილაშვილი საუცხოო ფორმაში შეხვდა და ეს პირველ რიგში, ქართველს მენტალურად ეტყობა.
ლორენცო მუზეტისთან გამარჯვების შემდეგ ნიკოლოზს სანდრო ქავთარაძე და ჯუბა გრიგოლია სამხრეთ ლონდონში გაესაუბრნენ – ნიკოლოზ ბასილაშვილი ინტერვიუ.
ინტერვიუ მართლაც მრავალმხრივ საინტერესო გამოვიდა და ამაში ქვემოთ, მალევე დარწმუნდებით.
ცხადია, დიალოგი კონკრეტულად ძირითადი ბადის 1-ელ წრეში მოპოვებული გამარჯვების შესახებ დაიწყო.
მუზეტისთან მოგებულ შეხვედრაზე
“ჩემი აზრით, უფრო მაღალი დონის ჩოგბურთის ჩვენებაც შემიძლია. საუკეთესო ხარისხი ჯერ კიდევ ვერ ვაჩვენე, თავად მეტოქეც არ მაძლევდა ამის საშუალებას.
ისეთი სტილი აქვს, რომ ყველა ჩოგბურთელისგან განსხვავებით, ძალიან ნელა თამაშობს. ცდილობს, რომ ბურთი დაიჭიროს. ბალახის საფარის მიუხედავად, კორტის კონდიციებიც ანელებდა თამაშს დღეს და ამის გამო, იძულებული ვიყავი ფეხებით ბევრი მემუშავა.
სიცხე ძალიან მოქმედებს ხოლმე ჩემზე, ზოგჯერ ეს კონცენტრაციაშიც მიშლის ხელს – ამ ყველაფერს რომ ფიზიკურად თავი გავართვი, ეს ძალიან კარგი იყო.
იყო ბევრი მომენტი, როცა რეაქციაზე უფრო ვთამაშობდი, ვიდრე კარნახით. ინსტიქტებზე და ბურთის მოგერიებაზე უფრო მეტად ვიყავი კონცენტრირებული, ვიდრე – შეტევაზე.”
ეს ბასილაშვილი vs მუზეტის მესამე მატჩი იყო. წინა ორივე შეხვედრა ჩოგბურთელებმა 2022 წელს გამართეს. შტუტგარტში, ბალახზე ნიკამ მოიგო, ხოლო პარიზში, ჰარდზე – ლორენცომ.
ბასილაშვილი იტალიელ, მსოფლიოს მე-7 ჩოგანს კარგად ახასიათებს, როგორც მისი საუბრიდან ირკვევა, მეტოქე დეტალურადაც ჰყავდა შესწავლილი.
“ვიცოდი, რომ მოწინააღმდეგე როლან გაროსის შემდეგ ტრავმირებული იყო და ბოლომდე მზად არ უნდა ყოფილიყო, თუმცა ემჩნეოდა, რომ პირველ სამ სეტში მაინც კარგად მოძრაობდა და რთულ ბურთებს ასწრებდა.
არ მაძლევდა თამაშის საშუალებას. ჩაწოდებაზე კარგ საპასუხო დარტყმას მახვედრებდა და მუდმივად ცვლიდა ტრაექტორიას, ან ტანს უმიზნებდა ან სხვა. ვერ ვუპოვე ერთი კონკრეტული ნიშა – ერთი და იმავე ხერხით არ იგერიებდა ბურთს. ჩემი დარტყმებიც ძალიან ახლოს იყო ხაზთან. შეცდომები მქონდა, მაგრამ ძალიან ახლოს იყო. ეს ცოტათი ფსიქოლოგიურად მოქმედებდა.”
გამარჯვება TOP 10-ის წინააღმდეგ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლოს ATP რეიტინგის TOP 10-ის წევრი ბოლოს 2022 წელს დაამარცხა. ის შეხვედრაც ბალახის საფარზე იყო და მაშინ, ნიკამ ანდრეი რუბლიოვს ჰალეში, ტერა უორტმანის ღია პირველობაზე, ორ სეტში სძლია.
გავიდა 3 წელი და ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბრუნდა, თანაც დაბრუნდა კვლავ TOP 10-ის წევრთან სოლიდური გამარჯვებით.
“თუ კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ, და კონდიციები, მაგალითად სიცხე, რთული არ არის, შემიძლია, მაღალი დონის ჩოგბურთი ვითამაშო.
ამ მომენტში, ჩემს კარიერაში საუკეთესოდ ვაწვდი. ხელი საერთოდ არ მაწუხებს. ბოლო 10 წლის განმავლობაში, 100-ეულში, 30-ეულში რაც შევედი, ხელი მუდმივად მაწუხებდა. ახლა არანაირი ტკივილი და დისკომფორტი არ მაქვს. ეს მეხმარება ყოველი ჩაწოდებისას მქონდეს გეგმა, რაც ადრე ყოველთვის არ მქონდა.
ეს ნებისმიერ ოპონენტთან თამაშისას იმედიანად განმაწყობს. კრძალვა, შიში არავისთან მაქვს, ყველასთან შემიძლია თამაში. ვიცი, ეს უბრალოდ ჩემზეა დამოკიდებული.”
მუშაობა მენტალურ მხარეზე
ჩოგბურთში დიდი წილი ფიზიკურობასთან ერთად, მენტალურ მხარესაც რომ უჭირავს, ეს ამ სპორტის გულშემატკივარმა იცის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი, ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად მუშაობს და წარმატებითაც.
“ჩოგბურთი მენტალურად, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან მგრძნობიარე სპორტია.
რაც უფრო დრო გადის, ვხვდები, რომ ყველას შეუძლია თამაში – უკანა ხაზიდან დარტყმები, კარგი ჩაწოდება, ფიზიკური გამძლეობა – ყველას ჰყავს მწვრთნელი და ყველა კარგ ფორმაშია, გარდამტეხი კი ფსიქოლოგიური მდგრადობა და მყარი ნერვებია, და ის, თუ როგორ გაართმევ რთულ მომენტებს თავს. მაგალითად, სად დაგეჭიმება ორგანიზმი, ხელი აგიჩქარდება თუ – არა და ა.შ.
კონტროლ ქვეშ
აზროვნების მართებული წესი ათლეტისთვის და არამხოლოდ – ალბათ, ყველაზე ლაკონურად ასე ჰქვია ინტერვიუს ამ მონაკვეთს, რომელიც სამაგალითო უნდა იყოს, როდესაც ფსიქოლოგიურ მდგრადობასა და მის მართვაზე მიდგება საქმე.
“მხოლოდ ამაზე, მენტალურ მხარეზე ვმუშაობ ძალიან ბევრს, ამ ბოლო დროს.
მხოლოდ შედეგზე ორიენტირებული აღარ ვარ. მოგება-წაგება და რეიტინგი ჩემთვის პირველხარისხოვანი აღარ არის. ვცდილობ, გავაკეთო ყველაფერი, რაც ჩემს კონტროლ ქვეშაა და რაც ჩემზეა დამოკიდებული. რაც ჩემს კონტროლს მიღმაა, ვცილობ მასზე ცოტა ვიფიქრო, ან საერთოდ არ ვიფიქრო.
დღეს, იყო მომენტები, როდესაც ფსიქოლოგიური მდგრადობა დავკარგე, კორტზე ვლაპარაკობდი, რაც ჩემთვის სასიკეთო არ იყო და ამით კმაყოფილი უდავოდ, არ ვარ, მოგება – წაგება არ იყო მნიშვნელოვანი. მომდევნო თამაშებში ამას მივაქცევ ყურადღებას.
სხეულის ენას დიდ ყურადღებას ვაქცევ და ეს მეხმარება, რომ მდგომარეობიდან არ გამოვიდე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის თუ სხეულის როგორი ენა მაქვს, ჩემს მეტოქეზეც აისახება ხოლმე.”
იყო მომენტი და სახასიათო მონაკვეთი, როდესაც მწვრთნელთან კომუნიკაციის შემდეგ, სიტყვების გაცვლის თანავე, გაიღიმე, თითქოს, გათავისუფლდი და ამის შემდეგ 6-7 ქულა მიჯრით აიღე, – იყო Setanta Sports-ის მომყოლი კითხვა.
“გაღიმება დაჭიმვის, დატვირთვის დროს მნიშვნელოვანია, მთელს ორგანიზმს ათავისუფლებს სტერსისგან. ჰო, მწვრთნელთან ძირითადად მენტალურ მხარეზე ვმუშაობთ. მენტალურ მხარეს თუ მივხედე, ყველაფერი მაქვს, რომ ვითამაშო. ეს ჩემს კონტროლ ქვეშაა და ეს იქნება გადამწყვეტი მომავალი თამაშებისა და რეიტინგისთვის.”
ბასილაშვილი vs სონეგო
ზედიზედ მეორე იტალიელი და მიჯრით, კვლავ ლორენცო. მუზეტის არ იყოს, ნიკას სონეგოსთან გამარჯვების გამოცდილებაც აქვს. თანაც მე-2 წრეში, პოტენციური მოგებით ბასილაშვილს 100-ეულში დაბრუნება შეუძლია.
“ვიცი, რომ კარგი ჩაწოდება აქვს, აგრესიული მოთამაშეა. მე და ჩემი მწვრთნელი ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ზუსტად შევისწავლოთ მოთამაშე, ფსიქოლოგიური ნაწილიდან მოყოლებული, ტექნიკური არსენალით დასრულებული, თანაც დეტალურად.
მაგალითად, რასაც მუზეტი აკეთებდა კორტზე, ვიცოდი, ველოდი და მზად ვიყავი.
სონეგოს მარჯვნიდან უყვარს გადასვლა. ფსიქოლოგიურადაც მყარადაა, ბოლო ბურთამდე იბრძვის ხოლმე, ნერვებს არ ჰყვება კორტზე და საკმაოდ რთული მატჩი იქნება.”
კორტის სისწრაფე
“მიყვარს დიდი აუდიტორიის თანდასწრებით თამაში, თუმცა კორტს გადამწყვეტი მნიშნველობა არ აქვს. უიმბლდონია და ყველა თამაში მნიშნველოვანია. ცხადია, ყველა მატჩისთვის ერთნაირად ვემზადები.
ვარჯიშები ჩავატარე და კარგ ფორმაში ვარ. ვფიქრობ, ასე დიდი ხანია არ მითამაშია. ტაიბრეიკზე, 1-2 ბურთზე მეტს არ ვთმობდი. სულ შეტევაზე ვთამაშობდი, ყველა ბურთს სათანადოდ მივყვებოდი.
აქ განსხვავებაა – სავარჯიშო კორტები შედარებით სწრაფია, რადგან უფრო გაცვეთილია, სათამაშო კორტები კი შედარებით – ნელი. ბურთზე მიყოლის საშუალებას ეს ნაკლებად იძლევა და უფრო დაჭიმული თამაში მიწევს. რაც უფრო დრო გავა, მით უფრო აჩქარდება სათამაშო კორტები და ფეხსაც უკეთ მოვიკიდებ და უფრო თავისუფლად ვითამაშებ.”
მომდევნო გაჩერება ლორენცო სონეგოა. მორიგ ქართულ – იტალიურ დაპირისპირებას მაყურებელი setantasports.com-სა და Setanta Sports-ზე იხილავს.