დერიკ როუზი – ჯეკპოტი ბევრნაირი შეიძლება იყოს და როგორც ჟანრის კლასიკა გვკარნახობს, ის განსაკუთრებით შთამბეჭდავი მაშინაა, როცა თავზე გაჭირვებაში მყოფს დაეცემა. ილინოისური ჯეკპოტი კი უიმედო ჩიკაგო ბულსისთვის დრაფტის პირველი პიკის მიღება აღმოჩნდა.
დერიკ როუზი – ჩიკაგო ბულსი
აღმოსავლეთ კონფერენციაში სეზონის მე-11, ჯამურად კი 22-ე პოზიციაზე დასრულებამ დრაფტის ლოტოტრონზე შანსები მათემატიკურად 1.7%-ში გამოსახა და ჩვენ NBA-ის ისტორიაში ნომერ მე-2 ყველაზე დიდი ‘გაცისკვრა’ ვიხილეთ (პირველ ადგილზე 1993 წელს ორლანდოს 1.5% რჩება, როცა მეჯიქი 27 გუნდიანი ლიგის მე-16 ადგილოსანი იყო და დრაფტზე კრის უებერი აიყვანა).
მაიამის, ნიუ-იორკის, სიეტლისა და მემფისის გენერალური მენეჯერები მომავალს წინასწარ გეგმავდნენ. კონკურენტებად ერთმანეთს ხედავდნენ და ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ჰორიზონტზე ბულსი გამოჩნდებოდა. ჩიკაგოს წინა სეზონები საპლეიოფო პოზიციებზე ჰქონდა ჩამთავრებული და პირველ არასაპლეიოფო მე-11 ადგილს ,მართლაც, ძალიან ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ რამე ღირებული მოეტანა. ჰოდა, Hollywood-ის სამშობლოში ბანალური ისტორიის მოყვარული რეჟისორებისთვის მზა სიუჟეტი ‘დაიდროფა’.
2008 წლის 26 ივნისი, ნიუ-იორკი, მედისონ სქუეარ გარდენი, დევიდ სტერნი:
“With the first pick in the 2008 NBA Draft the Chicago Bulls select Derrick Rose from the University Of Memphis”
ჩიკაგო რომ საკალთბურთო ღმერთმა დაუვიწყარი წარმატებისთვის გაწირა, მაგ ხარკის გადახდას აქაურები უფრო დიდხანს მოელოდნენ, თუმცა როუზი მალე მოვიდა. ჯორდანის 6 წელი და ფაქტი, რომ ამ სპორტის გოუთი ჩიკაგოში თამაშობდა, ისეთი ფუფუნებაა, ალბათ დანარჩენი 29 გუნდიდან მინიმუმ 27 მოაწერდა ხელს, იმ პირობით, რომ მომავალში ბეჭედზე პრეტენზია დიდხანს არ ექნებოდა.
მოკლედ, ლიგაში, სადაც უკვე ლებრონ ჯეიმსი დაქროდა და კობი ბრაიანტი უშაკო ჩემპიონობებს უმიზნებდა, გამოჩნდა ბიჭი, რომელსაც სკოლის ნიშნები ჩუმად მოუმატეს და მემფისის კოლეჯიდან პირდაპირ ჩიკაგოში გამოუშვეს. ჩააცვეს ადიდასები და ზურგზე პირველი ნომერი დააწერეს.
დერიკ როუზი – ადიდასი
ადიდასისთვის 1 მილიონი დოლარი არაფერი იყო იმისათვის, რომ ნაიკით მონოპოლიზებულ გარემოში დრაფტის პირველი ნომრის ხარჯზე საკუთარი ბრენდი გაეპიარებინა. უბრალოდ არც ლებრონივით და არც დები უილიამსების მეფე რიჩარდივით როუზმა ვაჭრობა და გემბლინგი არ დაიწყო.
დათანხმდა პირველივე წინადადებას და 3 წელში 12-ჯერ მეტი მათივე ინიციატივით შემოათავაზებინა. ამას გარდა, ადიდასს კონტრაქტში საკუთარი ძმისთვისა და უახლოესი მეგობრისთვის გადასახდელი გასამრჯელოც ჩაამატებინა.
დერიკ როუზი – სტარტი
პირველივე სეზონში საუკეთესო ახალგაზრდის ჯილდო, გუნდის პლეი ოფში გაყვანა და ბოსტონთან სერიაში ოვერტაიმების რეკორდით მარცხი. ზედმეტად საშიში სანახავი იყო ერთ მხარეს საჩემპიონოდ აშენებული, მეორე მხარეს კი – რუქის გუნდი. მაშინ ყველამ დაიჯერა, რომ ჰაიპი რეალური იყო.
ჩიკაგოც მიხვდა, რომ ჯორდანის ეპოქის შემდეგ დიდხანს უმოქმედობა საჭირო აღარ იყო და ნიადაგი მოამზადა. ჟოაკიმ ნოა, ტაჯ გიბსონი და ლუოლ დენგი უფრო გაზარდა, სწორედ სელტიქსიდან ტომ ტიბოდო მთავარ მწვრთნელად მოიყვანა და დაცვითი გუნდის ჩამოყალიბება გადაწყვიტა.
ეს ის სეზონია, ლებრონმა მაიამიში გადაბარგებაზე თავისი „გადაწყვეტილება“, რომ გაგვაცნო და ხელი მოაწერა, იმ მომენტიდან ლიგის მთავარ ბოროტმოქმედად ჩამოყალიბებას.
რა საინტერესოა ამ მომენტში აღმოსავლეთის ძალთა გადანაწილება. კონფერენციის მოქმედი გამარჯვებული ბოსტონი, ორი წლის წინანდელი ფინალისტი ორლანდო, ახლადშეკრული დიდი სამეული მაიამიში და რეგულარული სეზონის ბოლოს ცხრილის სათავეში მყოფი ჩიკაგო ბულსი.
დერიკ როუზი – MVP და სტატისტიკა
დერიკ როუზი კი MVP სტატისტიკით: 25 ქულა, 7.7 პასი და 4.1 მოხსნა, 81 თამაშში. ვისაც რიცხვები გეცოტავებათ, გეტყვით, რომ 2024-მდე მხოლოდ ლარი არ გაუფასურებულა.
ამ დროს რეგულარული სეზონის თამაში უფრო ძვირფასი იყო, დაცვა უფრო ხისტი, სტეფ კარი არ არსებობდა და ცენტრებიც იძულებულნი არ იყვნენ სამქულიანი ესროლათ. ეს დუაით ჰოვარდისეული ცენტრების ხანა იყო. მოკლედ როუზი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა MVP გახდა, 22 წლის. ლამბორგინი დიზელის ძრავზე, უფრო სწრაფი და ათლეტური ვერსია გამთამაშებლის პოზიციაზე, ვიდრე სხვა ნებისმიერი. ასეთ გადატენილ ლიგაში როუზის MVP-ობა მართლაც სიგიჟე იყო და დევიდ სტერნმა ლიგის ახალ სახეზე ასეთი რამ თქვა:
“In a league of the very valuable players, you are the most valuable”
ბოლომდე გენიალურად ეს სეზონიც ვერ სრულდება, გამოუცდელი როუზი ლებრონთან, უეიდთან და ბოშთან მარცხდება, სერიაში ანგარიშით 1-4. ამერიკელების ახალი სუპერგმირისთვის ჯერ ჩემპიონობა ადრეა, მაგრამ რადგან თავად ლებრონიც ვერ იგებს ბეჭედს დალასთან, მაშინ ახალი სეზონი ისევ ბოროტმოქმედი-სუპერგმირის ინტრიგით იხსნება.
მეც ამ დროს გადავწყვიტე ჩემი პირველი საკალათბურთო ფორმის ყიდვა და ამ ორს შორის შანსი მაისურზე როუზს მივეცი. ლებრონის გამო კი ბოტასებად Lebron 2 ავირჩიე.
NBA-ის გვიან დაწყებული სეზონი და ტრავმა
სახელფასო პრობლემების გამო გვიან დაწყებული NBA-ის სეზონი უფრო მოკლე გამოვიდა, მაგრამ როუზის ტრავმებისაკენ მიდრეკილება უკვე შესამჩნევი გახდა. საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობების ბოლომდე გაწურვა ზოგისთვის ცუდად სრულდება. ვიღაცების გონებასა და გულს მუხლი ვერ უძლებს და იმ უიღბლოთა სიაში დერიკ როუზიც აღმოჩნდა.
არსებობს ხალხი, რომელიც ფილასთან ტიბოდოს მიერ მის არგაყვანას აბრალებს ავბედით ტრავმას, მაგრამ რეალობა სხვანაირია და ამ დანაშაულის მთავარ მწვრთნელზე ხელის შეწმენდის უფლებას არ გვაძლევს. თუ სერიის პირველ თამაშში არა, ჯვარედინი იოგები მეორეში, მესამეში ან მომდევნო სერიაში შეაწუხებდა როუზს. მისი სათამაშო სტილი სხვა გზას არ ტოვებდა. დამნაშავე აქ უბრალოდ არ არსებობდა.
სპორტის ისტორიიდან რომელიმე დღის წაშლა რომ შემეძლოს 2012 წლის 28 აპრილი ერთ-ერთი უპირველესი კანდიდატი იქნებოდა..
როუზმა 16-წლიანი კარიერის დასრულების შედეგ სიმბოლურად 16 ვარდი იმ ხალხთან დაარიგა, ვინც მისი კარიერის ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ტომ ტიბოდო ამ 16 ადამიანს შორის აუცილებლად იქნებოდა. როუზს ამ ტრავმის მისთვის დაბრალება რომ მოესურვებინა, არც ჩიკაგოში და არც ნიუ-იორკში მასთან ერთად მუშაობას არ დაიწყებდა.
ამ დროს 12 წლის ვიყავი და ვერ ვიაზრებდი, თუ რამდენად მძიმე ტრავმით დაეცა როუზი. ისიც არ ვიცოდი, თუ რას წარმოადგენდა ჯვარედინი იოგები და რამდენად რთული იყო, მისი აღდგენა.
ამ დღის შემდეგ ჩიკაგო ჩამოიშალა, როგორც მენტალურად ასევე პარკეტზე, თამაშის მხრივ. გუნდი პირველივე რაუნდში ფილადელფიასთან გავარდა და მომავლის იმედით ცხოვრება დაიწყო. დერიკს 1 სრული სეზონის გამოტოვება მოუწია.
ახლაც მახსოვს თუ რამხელა მოლოდინი იყო 2014 წელს მის თამაშზე. პირველი ოფიციალური შეხვედრა მოქმედ ჩემპიონ მაიამისთან ოქტომბერში, ანუ როუზს დაახლოებით წელიწადნახევრის გამოტოვება მოუწია. თამაშამდე დამაიმედებელი კომენტარიც გააკეთა, ახლა უფრო ფეთქებადი ვარ და უფრო მაღლაც ვხტებიო. მოკლედ, იმ მატჩში მარცხს ვინ ჩივის, როუზმა დაწყებიდან 3 კვირაში მენისკიც გაიწყვიტა და ეს სეზონიც გამოტოვა.
ეს უკვე განგაშის ზარზე მეტი იყო. ყველანაირი კუთხით. ფანების გულებსა და ჩიკაგოს სახელფასო ბიუჯეტს როუზის ტრავმები ზედმეტად აზიანებდა. მაგრამ სხვა რა გზა იყო?
2014-15 უკვე ის სეზონი გამოდგა, რომელიც მინიმუმ ჩემს ძველ ემოციებს გამახსენებდა. ჩიკაგოს ფანებს კი ღრმად დამარხულ რწმენას გაუღვიძებდა. არც თუ ისე ძლიერი ბულსი მაგ სეზონში წკიპზე იყო „არაბოროტმოქმედი“ ლებრონის კლივლენდის გაგდებასთან, მაგრამ როუზის გეიმ-უინერი სერიის მესამე მატჩში მისი ილინოისური კარიერის ბოლო ჰაილაითი აღმოჩნდა.
დერიკ როუზი – ცრემლებით ჩიკაგოდან
დანარჩენ 8 სეზონზე რაღა უნდა ითქვას, როუზს ძალიან უყვარდა მშობლიური ჩიკაგო. იმდენად, რომ ნიუ-იორკში მისმა გაცვლამ გულწრფელად აატირა. რამდენი ეგეთი კალათბურთელი იცით, თავისი ქალაქიდან წასვლით ცრემლებად რომ დაიღვაროს. როუზი თავადაც ხვდებოდა, რომ ეს ოცნების შეწყვეტას ნიშნავდა. მისი კარიერა გაგრძელდებოდა, მაგრამ მხოლოდ ინერციით.
ნიუ იორკიც, მინესოტაც, დეტროიტიც და მემფისიც, როუზის კარიერის ბოლო ალაგ-ალაგ მბზინვარე ნაწილები იყო. მინესოტაში ჩაგდებული 50 ქულა, კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი, ჩიკაგოში დაბრუნების შემდეგ საჯარიმო ხაზზე ყოფნისას გულშემატკივრის ერთხმად დამარცვლული M – V – P და ღიმილი, მსგავსი მომენტების პოვნა შეიძლება, მაგრამ რაც არ უნდა კარგი გასახსენებელი იყოს, ეს ყოველივე უფრო სინანულს ამძაფრებს. მეც ამ მიზეზით გავიმართლებ თავს, ასე დავასაბუთებ ორ ტოლ ნაწილად გაყოფილი კარიერის შესახებ დაწერილის მკვეთრ ასიმეტრიულობას.
დერიკ როუზმა კარიერა დაასრულა
და ბოლოსკენ იმის თქმა შეიძლება, რომ მისი კარიერის ფინიშის ხაზი ჩვენთვის რამდენად საწყენიც არ უნდა იყოს, თავად როუზისთვის სინანულის მომგვრელი არაა. როგორც თავის გამოსამშვიდობებელ წერილში გვიყვება, განვლილ ცხოვრებაში საერთოდ არაფერს შეცვლიდა. მომავალი უკვე დაგეგმა და ისიც იცის, რას იზამს. მეც ვიცი, რას ვიზამ, 2011-ში ნაყიდი ის ფორმა სოფლიდან მაქვს ჩამოსატანი და ჩარჩოში ჩასასმელი.
„მადლობა, ჩემო პირველო სიყვარულო.
შენ ჩემი ყოველთვის გჯეროდა.
იყავი მუდმივად გაურკვევლობაში, მიჩვენე – თუ რას ნიშნავდა რეალური სიყვარული.
დარბაზი საკურთხევლად გადააქციე, ადგილად, სადაც საკუთარი თავის სრულად გამოვლენა შემეძლო.
ერთად გატარებული ყოველი ადრეული დილა თუ გვიანი საღამო ოფლის თითოეული წვეთის ღირსი გახადე.
შემახსენე, რომ ყოველთვის შემეძლო შენი ნდობა.
მაშინაც კი როცა ეჭვი მეპარებოდა, მაჩვენებდი, თუ რა შემეძლო.
შემასწავლე ახალი ადგილები და კულტურა, ჩიკაგოელი პატარა ბიჭი ამას ვერასდროს წარმოიდგენდა.
მასწავლე, რომ ყოველი მარცხი გაკვეთილია, გამარჯვება კი მადლიერების მიზეზი.
მომანიჭე სიბრძნე არა მხოლოდ თამაშზე, არამედ ცხოვრებაზე, შრომაზე, დისციპლინასა და გამძლეობაზე.
მიჩვენე, რომ ვნება არის ის, რაც უნდა დავაფასო, დავრწმუნდე, რომ ბურთს მთელი გულით ვატარებ, მთელი გულით ვისვრი და მთელი გულით ვათამაშებ.
ჩემ გვერდით იდექი.
როცა მსოფლიო ზურგს მაქცევდა, უპირობოდ მელოდებოდი.
დამაჯილდოვე ერთად გატარებული დროით, რომელსაც ყოველთვის დავაფასებ.
მითხარი, რომ გამომშვიდობება შესაძლებელია.
დამარწმუნე, რომ ყოველთვის იქნები ჩემი ნაწილი, იმის მიუხედავად, თუ საით წამიყვანს ცხოვრება.
მუდამ შენ გვერდით, დერეკ როუზი.“
ავტორი – გიორგი ციხისთავი