სარჩევი
2024 ივნ 29, 15:35 შშ
4 წუთის საკითხავი

   გვიან გავიღვიძე, გავათანე, ოღონდ არაფერი დამილევია. საქმე იყო საკეთებელი და ზეიმის დროც აღარ დარჩა. ისე კი უცნაურია, ვმუშაობ იმ კომპანიისთვის, სადაც უკვე აღარ ვმუშაობ. მხოლოდ ფორმალურად ვაკეთებ საქმეს, ტურისტად რომ არ ვიგრძნო თავი გერმანიაში. თან შეინახება, თან ვინმე მაინც წაიკითხავს და ფინალის ბოლოს ავკინძავ კიდეც, ასეთი პირი უჩანს და ერთი-ორი შემოთავაზება უკვე მივიღე. მერე რაღაც ისეთსაც ჩავამატებ რისი ადგილიც ახლა არ არის და ერთი დიდი კარგი ამბავიც შეიკვრება.

მატჩის მერე გავიარეთ, მე იმედაძეებმა და გაფრინდაშვილებმა. შუა გზაში ერთი გერმანელი აგვეკიდა, პორტუგალიის დროშით, მაგარი მთვრალი, არ იყო აგრესიული, მაგრამ მაინც შემაწუხებლად იქცეოდა და ერთი-ორი ფოტო გადავუღეთ კიდეც. მაწანწალა ძაღლივით დაგვყვებოდა უკან, რაღაც მომენტში კლაუს ტოპმიულერსაც მივამსგავსე.

მერე ისევ თურქ ტაქსისტებთან იყო დაძაბულობა, აფერისტები არიან, ძალიან მაღალ ფასს გეუბნებიან და მერე ტაქსომეტრს ურტყამს ხელს, ჩემი ბრალი არ არის, აგერ ეს წერსო, მერე ჩვენ ვთვლით გზას და სულ სხვა ფასს ამბობს, ეგრე გიყურებს თვალებში და გატყუებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩამოსული ხარ და ჰგონია ვერაფერს ხვდები.

გაბრაზდა ირაკლი იმედაძე, მაგრად იჯუჯღუნა, ქართულად ცუდი სიტყვებიც თქვა, იმედა კი იმ ტაქსისტივით აფერისტი არ არის, მშვენივრად ხვდება, რომ თურქებს ესმით რასაც ამბობს, თუ არ ესმით, გრძნობენ მაინც შეხურებული ყურებით.  აგრესიული იყო, ფული წინასწარ მომეცითო ჩხუბობდა, ისე თითქოს ვაჟა ექიმი გადასვლას და გაქცევას იკადრებდა. მივაშავეთ თავისი 60 ევრო, თუმცა, ყველაფერი მაინც მეზობლურ-მეგობრულად დამთავრდა. ვაჟა ექიმს მანქანაში ტელეფონი დარჩა, მერე როცა გადავრეკეთ უკვე მობრუნებული ჰყავდა მანქანა, აი, შეიძლება ბრაზიანი თურქი იყო, მაგრამ პატიოსნად მოიქცა.

ვაჟამ კიდევ დააჯილდოვა ევროებით და ასე გახარებული გაუშვა უკან.

წესით უნდა წავსულიყავით და აღარ მივდივართ. მე იმიტომ, რომ დარჩენა ფინალამდე გადავწყვიტე. იმედა რჩება იმიტომ, რომ ნაკრები გავიდა და კომპანიაც ტოვებს. ჩემზე უარი თქვეს. კიდევ კარგი, თვითფრინავის ბილეთის გადაცვლის უფლება მაინც მომცეს, თუმცა, თანხა, რა თქმა უნდა, თავად დავამატე.

ნელ-ნელა ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ბატონ იაროსლავს ისიც კი უთქვამს, თუ უნდა წეროს, ოღონდ სხვა სახელით გამოაქვეყნეთო. ეს კიდევ ჩემთვის წითელი ხაზიც აღარ არის. ეს საერთოდ არაფერი აღარ არის.  

წინა დღეს ბევრი ჟურნალისტი წუხდა, სახლში გვიწევს დაბრუნება, ბილეთებს ვერ ვცვლით და რა უნდა ვქნათო. წესით, სპორტის სამინისტრო უნდა აგვარებდეს ამ ამბავს, აბა, რისთვის არსებობს საერთოდ? სპორტის სამინისტრო, სპორტის ჟურნალისტთა ასოციაციასთან მოლაპარაკებით. ასოციაციის თავი კი მიხეილ აბაიშვილია. ჩემს გვერდზე იჯდა ესპანეთთან მატჩის დროს, ერთად ვიმღერეთ ჰიმნი, მე მეორე ხმა მაქვს, იმას ბანი. პენალტის დროს ცოტა უკან დავიხიე გადასაღებად, მოვცილდი მიხეილს თორემ, შესაძლოა აღარც მე დავრჩენილიყავი და აღარ ტელეფონი.

მობი დიკია მიხეილი. დიდი თეთრი ვეშაპი.

მობის ფილმის მომზადებისას საარქივო მასალაში წავაწყდი. ეს ფილმიც რადიო თავისუფლებისთვის მოვამზადე, სეტანტაზე კი გაბრაზდნენ ჩვენთან რატომ არ გააკეთაო, ალბათ იმიტომ, რომ სამი წელი თაროზე იდო ჩემი პროექტი და პასუხიც არ მაღირსეს, არათუ მზადყოფნა. მერე კიდევ არ მოეწონათ, რომ კარგი გამოხმაურება მოჰყვა.

ამ მასალაში ახალგაზრდა აბაიშვილი, ტუხაშვილი, პლატონიშვილი და ბაბუნაშვილი ჩანან. დამოუკიდებელ საქართვეოსთან ერთად რომ გაიზარდნენ. რა მოლოდინიც მაშინ ჰქონდათ, ახლა უხდებათ ყველაფერი და როგორც იმ ფილმისთვის დავწერე და როგორც ბიძინა რამიშვილმა წაიკითხა – თურმე, დრო იყო საჭირო, თურმე, ბევრი რამ გვქონდა სასწავლი.

მე კი ამ კომპანიასთან ურთიერთობაში სულ უფრო მეტად ვემსგავსები ანაფორაში გამოწყობილ კაცს, რომელსაც ერთ-ერთ მარკეტში პატარა შელაპარაკება მოუვა. მე მგონი, რაღაცას ითხოვს და ვერაფრით გააგებინა გამყიდველს რა უნდა.

დაიგეგმა მატჩი ესპანეთის ნაკრებთან, კიოლნში. ამჯერად მხოლოდ ჩემს თავზე ვიქნები დამოკიდებული. ამიტომ, სხვა მატჩებზეც გავგზავნე აკრედიტაცია. მერვედფინალების პირველი შეხვედრები მაინც გამომეპარა ამ ზეიმში და უკვე ჩავლილი ამბავია, აი, საფრანგეთი – ბელგია არ გამომპარვია და პასუხიც მალევე მომივიდა. ჯერ საქართველო – ესპანეთი დამიდასტურეს, ცოტა მოგვიანებით საფრანგეთი – ბელგიაც. ახლა ვფიქრობ, ნეტავ, რა ხასიათზე ვიქნები როცა ფრანგებსა და ბელგიელებს შევხედავ. როცა მბაპესა და დე ბრუინს შევხედავ. საქართველო ხომ წინა დღით თამაშობს?!

არ ვიცი როგორ დასრულდება შეხვედრა, მაგრამ ეჭვი მაქვს ეს ვარსკვლავები მეორე ხარისხოვნები გახდებიან. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში. ასეთი რამ კი მხოლოდ მაშინ ხდება, როცა შენი ნაკრებიც თამაშობს დიდ ტურნირზე. პირველად ისტრორიაში. გახსოვთ ადრე როგორ იყო? ჩვენი სპორტსმენებიც მაყურებლის როლში იყვნენ, ისინიც მხოლოდ ქომაგების რანგში. მახსოვს ერთი ინტერვიუ ტყუპებთან, ევრო 2000-ის წინ, ჩვენ ნიდერლანდებში ბევრი მეგობარი გვყავს და მათ დავუჭერთ მხარსო. მცირე ხნის წინ კი არქივში ედუარდ შევარდნაძის გამოხმაურება ვნახე ამ ინტერვიუზე, არველაძე ამბობს რომ ჰოლანდიელებს უნდა ვუქომაგოთო, მერე ჩაიცინა თავისებურად, როგორც იცოდა, ცინიკურად, და დააყოლა – ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის მდგომარეობა ძალიან არ მომწონსო.

შემზარა, შემზარაა!

წავიდა ეგ დრო.

ახლა აქა ვართ. ვთამაშობთ. და გარკვეულ უპირატესობებზეც მეფიქრება. ესპანეთმა რამდენიმე თვის წინ 7:1 მოგვიგო. 16 წლის ლამინე იამალიმ პირველი სანაკრებო გოლი სწორედ ჩვენ გაგვიტანა. ამ პერსპექტივიდან გვიყურებენ, ჰგონიათ რომ მარტივი იქნება. აბა, იმაზე ხომ არ იფიქრებენ რომ მაშინ ვილიმ ისევ წაუექსპერიმენტა, ისევ სცადა ოთხი მცველით თამაში და ისევ არაფერი გამოვიდა. ახლა კი ექსპერიმენტების დრო არ არის. ახლა ესპანეთი სულ სხვა საქართველოს იხილავს.